ომსკელი ბერეზოვსკი

ივ სენ ლორანის ‘შატო’ ნორმანდიაში

საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით, ნორმანდიაში, “შატო გაბრიელიდან” 10 წუთის სავალ გზაზე,  მე-19 საუკუნეში აშენებულ ნეო-გოთიკურ, ციმბირიდან ჩამოტანილი ხის ქონგურებით გაწყობილ სახლს მიადგებით.  სახლს ყვითელი, ლურჯი და თეთრვიტრაჟებიანი ფანჯრები აქვს.  დაბალი ხის მაგიდები და იატაკი ვიტრაჟის მინის ფერებში გადაწყვეტილი გადასაფარებლებითა და ხალიჩებითაა დაფარული. ჭრელ ფერებშია გადაწყვეტილი სამზარეულოს თაროები და კედლის კერამიკული ფილები.

ამ სახლში ცნობილი ფრანგი დიზაინერი ივ სენ ლორანი  თავის პარტნიორთან, პიერ ბერჟთან ერთად, სიკვდილამდე ცხოვრობდა.  პარტნიორის სიკვდილის შემდეგ,  პიერ ბერჟმა სახლი გაყიდა და სახლის შემოგარენი ბაღის ნაწილი  დაიტოვა, სადაც დღემდე თავის ძაღლთან ერთად, სეირნობს. 2013 წელს,  800 კვ/მ ფართობი სახლი, რუსმა ბიზნესმენმა სიმან პოვარენკინმა ქონება საფრანგეთში დაარსებულ კომპანია SCI Le Schateau-ს საშუალებით 9,6 მილიონ ევროდ იყიდა და მოგვიანებით თავის სხვა, ვლადივოსტოკში მომუშავე რუსულ კომპანია Far Eastern Shipping Company [FESCO]-ს მფლობლობაში გადაიტანა [FESCO პოტენციურ კლიენტებს ზღვით დედამიწის ყველა კონტინენტზე  ყველა სახის ტვირთის გადაზიდვის სერვისს სთავაზობს].  

ქართველ ბიზნესმენ კობა ნაყოფიასთან ერთად, ომსკის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა სიმან პოვარენკინმა სამთო-მოპოვებით ბიზნესში პირველი ნაბიჯები საქართველოში გადადგა. ამჟამად ის რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების 500-ეულში შედის.    

 

ომსკის წლები

“სიმან პოვარენკინზე ეძებთ ინფორმაციას?  მგონი, რაღაც დაწერეს მაგაზე დაახლოებით 7 წლის წინ,” – იხსენებს კითხვის დასმიდან მცირე პაუზის შემდეგ ომსკის ბიზნეს-გამოცემის რედაქტორი.

რედაქტორი პოვარენკინზე ინფორმაციის საძიებლად ქალაქის მტვრიან ბიბლიოთეკაში გვისტუმრებს.  ომსკელი მილიარდერის პირველი ბიზნეს-ნაბიჯების შესახებ მხოლოდ ბიბლიოთეკებში შენახულ გაზეთებში თუ შეიძლება ინფორმაციის მოძიება – 90-იან წლებში ომსკში გამომავალი გაზეთები ჯერ კიდევ არაა გაციფრულებული.  

“მაშინდელი ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ბანკირი იყო, მაღალი პილოტაჟის ‘ჩიტი’”, –  გვეუბნება ომსკის ბიზნეს-გამოცემა Коммерческие вести-ს მთავარი რედაქტორი მარატ ისინგაზინი.   

Коммерческие вести 90-იანი წლების “ომსკის ოლქის ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენების” შესახებ  ადგენდა რეიტინგს.   ამ რეიტინგში სიმან პოვარენკინი არასოდეს მოხვედრილა: მისი ფიგურა ყოველთვის უცნაური და განსაკუთრებული იყო 90-იანი წლების ომსკის გარდამავალი ეკონომიკის პერიოდში.

როგორ მოხდა ისე, რომ ომსკის ბიზნეს-გამოცემებმა  საკუთარი მილიარდერი დაივიწყეს?  ომსკი ერთადერთი ქალაქი არაა, სადაც მასზე დუმან.  პოვარენკინზე თითქმის არ იწერება არც მოსკოვის პრესაში და არც ლონდონში, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს.

 

“სულ მწვერვალზე”

ომსკის გერბზე, სადაც დღეს 1,1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, შემთხვევით კი არ არის გამოსახული ნავთით სავსე კოლბა.  აქ მცხოვრებთა ძირითადი საქმიანობა ნავთობის მოპოვება იყო და ყველა ცდილობდა ნავთობთან  დაკავშირებულ სფეროში მიეღო განათლება.

ამ ტრადიციისთვის არც ახალგაზრდა სიმანს უღალატია და ორგანული ქიმიის კათედრაზე ჩააბარა.

თანაკურსელები მას დღემდე ‘სიმას’ ეძახიან.  სიმან პოვარენკინი ომსკის უნივერსიტეტში 1987-1992 წლებში, ქიმიის ფაკულტეტზე სწავლობდა.   

პროფესიის არჩევაში, შესაძლოა, გავლენიანი მამის კვალიც დავინახოთ: სიმან პოვარენკინის მამა ომსკში შეძლებულ პერსონად ითვლებოდა.  თავდაპირველი სპეციალობის რეზინის მწარმოებელმა, ვიქტორ პოვარენკინმა კარიერა  ომსკის საბურავების ქარხნის ცეცხლის შემკეთებლის პოზიციიდან, 34 წლის ასაკში ქარხნის დირექტორობამდე დაწინაურდა.  მისივე დირექტორობის პერიოდში, 1994 წელს მოხდა ამ ქარხნის პრივატიზება – ქარხანა ღია სააქციო საზოგადოება “ომსკშინა” გახდა.  სიმანმა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პირველი ორი წელი სწორედ ამ კომპანიაში იმუშავა.  

სიმან პოვარენკინი სტუდენტი 1987 წელს გახდა და მაშინვე დაამახსოვრა თავი თანაკურსელებს.  

“კურსის პირველივე შემოდგომას, კარტოფილის შესაგროვებლად გაგვაგზავნეს”, – იხსენებს მისი ერთ-ერთი თანაკურსელი, – მახსოვს, სიმა კარტოფილის გროვაზე ავიდა, ხელში წითელი დროშა დაიკავა და გაბადრული სახით გადმოგვძახა: ‘კარტოფილი მომაწოდეთ, გოგონებო, კარტოფილი.’  კარტოფილის გორაზე იდგა და მხიარულად გვიყვიროდა, ჩვენ, გოგოები, ვედროებით კარტოფილს ვაწვდიდით.

“სულ ცდილობდა ყურადღების ყურადღების ცენტრში ყოფნას,” – იხსენებს მისი ერთ-ერთი თანაკურსელი ქალი. ენერგიული და აქტიური სიმანი სულ ცდილობდა, სხვებისთვის თავი მოეწონებინაო, იხსენებენ  მისი თანაკურსელები.

“მე ის მახსოვს, როგორც კომუნიკაბელური. სხვა მხრივ, ვერც გავიხსენებდი. წარმოსადეგი გარეგნობით ისედაც არ გამოირჩეოდა”, – იხსენებს მეორე თანაკურსელი ქალი.  

“გრძელ, ლურჯ პალტოსა და სასაცილო კუბოკრულ შარვალს ატარებდა”, – ასეთ შტრიხებს ამატებს მის დახასიათებას ომსკის ქიმიის ფაკულტეტის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, სიმანის თანაკურსელი ქალი.

პირველი კურსის შემდეგ სიმანი ჯარში წავიდა და ერთი წელი გაუცდა. თუმცა, წლის ჩავარდნის მიუხედავად, უნივერსიტეტი მაინც თავის თანაკურსელებთან ერთად დაამთავრა.  “ნოვაია გაზეტას” კითხვაზე, თუ როგორ მოხდა ეს, ომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ასეთი პასუხი გასცა: «სტუდენტს გავუწიეთ შეღავათი».  

ომსკის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე სიმანი დღემდე ახსოვთ.  

ინა მედვედოვსკაიამ, რომელის სიმანს კოლოიდური ქიმიის კურსს უკითხავდა, იხსენებს, რომ სიმანი ‘მახვილი გონებით, შესანიშნავი იუმორის გრძნობითა და და სტუდენტების ორგანიზების უნარით’ გამოირჩეოდა.  არაორგანული ქიმიის ფაკულტეტის პროფესორი ვალერი მუხინს კი დღემდე ახსოვს, რომ სიმანი კურსზე შესანიშნავი დიჯეი იყო და უქმეებზე “მაგრად შეუბერავდა ხოლმე სტუდენტურ დისკოტეკაზე, როგორც დიჯეი”.

მიუხედავად იუმორის გრძნობისა და კომუნიკაბელურობისა, ნამდვილი კავშირი კურსზე მაინც ვერ შეიკრა – სიმანმა ყველა ყოფილ კურსელთან კავშირი გაწყვიტა.  თანაკურსელები ამას მშიერ 90-იანებს აბრალებენ:  სიმანი, რომელიც შეძლებული ოჯახიდან იყო, ბინა ქალაქის ცენტრში ჰქონდა და არაფერი აკლდა, თანაკურსელებთან დიდად ვერ გამოძებნა საერთო და საბოლოოდ, ყველას გაურბოდა.

სიმანი უნივერსიტეტის დიპლომის გადაცემის ცერემონიალზე არ მისულა.  სადიპლომო ნიშანი “ოთხიანი” დაუწერეს.  

“ჩვენ ვიფიქრეთ, რომ იმიტომ არ მოვიდა, რომ ნიშნით იყო უკმაყოფილო”, – იხსენებს ერთ-ერთი თანაკურსელი.

მოგვიანებით, როდესაც სიმან პოვარენკინი “ინკომბანკის”ომსკის ფილიალის დირექტორი გახდა, ყოფილ თანაკურსელებთან კავშირები საერთოდ გაწყდა.  

“კურსელების შეკრებაზე არასოდეს მოსულა”, – იხსენებს მისი ერთ-ერთი თანაკურსელი. – “ისიც კი გავიგე, რომ ქიმფაკულტეტიდან ვიღაც “ინკომბანკში” სესხის ასაღებად მივიდა და უარით გაისტუმრეს.”

“მე სიმანი 17 წლისა მახსოვს – კეთილი, მაგრამ არცთუ ისე მარტივი ბიჭი.  სულ მგონია, რომ მისი ღიაობა და კომუნიკაბელურობა მაინც ფასადური იყო. რეალურად, ის არასოდეს ყოფილა ღია, სულ თამაშობდა ამ როლს.”

“ეტყობა, როდესაც ადამიანების ნაწილი გარკვეულ წარმატებას და მატერიალურ კეთილდღეობას აღწევენ, ფიქრობენ, რომ ადამიანები, რომლებიც თამამად შეაღებენ კარს მათ კაბინეტში, მათ ცხოვრებაში არ უნდა არსებობდნენ”,  – ამატებს სიმანის ყოფილი თანაკურსელი.

მკაცრი ზღვარი

თავის პირველ ბიზნეს-პარტნიორს სიმანი სტუდენტურ თეატრალურ წრეში შეხვდა.  წრეს “შავი ზღვარი” ერქვა. ის КВН-ს მსგვასი ჯგუფი იყო: სტუდენტები სხვადასხვა იუმორისტულ ნომრებს დგამდნენ, სტუდენტურ ბანაკებში ერთად დადიოდნენ. ომსკის უნივერსიტეტში ამ თეატრის ხელმძღვანელი სიმან პოვარენკინი იყო.   

თეატრზე ადრე, ქიმფაკულტეტის ამბიციურმა სტუდენტმა სტუდენტური ასოციაცია შექმნა.  ამ ასოციაციაში ომსკის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ერთიანდებოდნენ.   

მათ შორის იყო ვლადიმირ შკურენკო, ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ომსკელი მწარმოებელი, რომელიც ქიმიის ფაკულტეტზე სიმანზე ერთი წლით გვიან სწავლობდა.   

თეატრალმა მეგობრებმა პირველი პატარა კომპანია შექმენს.  ეს კომპანია ომსკის ქარხნის საბურავების გაყიდვით იყო დაკავებული. ქარხანა მაშინ ჯერ კიდევ სახელმწიფოს მფლობელობაში იყო.  

“სიმანის მამა ქარხანაში მუშაობდა”, – გვიყვება ვლადიმირ შკურენკო. – “სიმანი კომპანიის ორგანიზატორი იყო, მე – თანადამფუძნებელი.   ერთი წლის შემდეგ, ვიკამათეთ და კომპანიიდან წამოვედი.  საქმე უფრო ჩვენი როლების გადანაწილებას ეხებოდა, ვიდრე დივიდენდებს.სიმანი უპირობო ლიდერობას მოითხოვდა.   

მაშინდელმა ჩემმა ამბიციებმა კი ეს ვერ აიტანა: ვგრძნობდი, რომ პარტნიორობიდან, ჩვეულებრივი დაქვემდებარებულის როლში გადავდიოდი.”

 

ახალგაზრდები და აგრესიულები

ომსკის საბურავების ქარხნის პრივატიზების შემდეგ, სიმან პოვარენკინი ქარხნის ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა, შემდეგ კი – 28 წლის ასაკში – “ინკომბანკის” ომსკის ფილიალის მმართველი. როგორც ერთ-ერთი პირველი კერძო ბანკი, “ინკომბანკი” მაშინ რუსეთის ყველაზე დიდი ბანკების ხუთეულში შედიოდა.   

90-იანი წლების ბოლოს, “ონკომბანკის” ისტორია სკანდალში გაეხვა.1998 წელს ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზია ჩამოართვეს.  მაშინდელი ბრალდებით, ჩამორთმევა დაკავშირებული იყო “კანონის დაღვევასთან, საბანკო საქმიანობის არშესრულებასთან და კრედიტორების მიმართ არაკეთილსინდისიერი ქცევებთან.”

კლიენტების ნაწილმა ბანკიდან თანხის გატანა დაიწყო და ბანკის მდგომარეობა გაუარესდა.   ამის საპასუხოდ, რუსეთის ზედამხედველმა ბანკმა “ინკომბანკს” ლიცენზია ჩამოართვა.   მიუხედავად იმისა, რომ ბანკი გაკოტრებულად 2 000 წელს გამოცხადდა, ლიკვიდაციის პროცესი ოთხი წელი გაიწელა.

90-იან წლებში, ბანკის საქმიანობას ამერიკელი სამართალდამცავებიც იძიებდნენ.   ისინი ბანკის ტოპმენეჯმენტს აქციონერების თანხის მითვისებაში ადანაშაულებდნენ.  ამ ბანკის ერთ-ერთი აქციონერები კი ამერიკული კომპანიებიც იყვნენ.

სიმან პოვარენკინი ამ ბანკში 1998 წლამდე მუშაობდა.  სიმანი ბანკის დამაარსებელთან, ვლადიმერ ვინოგრადოვთან, დაახლოებული პირი იყო. 1997 წელს სიმანის მამა – ვიქტორ პოვარენკინი ბანკის ომსკის ფილიალის საქმის წარმოების დირექტორი იყო.

“ბანკის აღმავლობის ხანა იდგა.  სიმანი 28 წლის იყო. ქალაქში შავი, ბრონირებული და მუქშუშიანი მანქანის ესკორტითა და დაცვით დადიოდა.  ეს კორტეჟი მთელ ომსკს გვახსოვს”, – ამბობს ერთ-ერთი ომსკელი ბიზნესმენი.  – “არ ვიცი, ეს ‘პონტები’ რაში სჭირდებოდა.”

სკანდალის შემდეგ, ბანკი აქციონერების ხელში გადავიდა და 1998 წელს, “ინკომბანკის” ყოფილ ხელმძღვანელობაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.  ღია სააქციო საზოგადოება “ინკომბანკის” სამეთვალყურეო საბჭო ბანკის ტოპმენეჯმენტს აქციების უკანონო გასხვისებაში ადანაშაულებდა.  მიუხედავად ამისა, ამ ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები გამოძიებას არ მოუგროვებია და საქმეც შეწყდა.

იმ დროის “ინკომბანკმა” ომსკის ყველაზე დიდი ღორის ხორცის მწარმოებელი კომპანიის საკონტროლო პაკეტი შეიძინა.  ამავე დროს, საწარმოთი რომან აბრამოვიჩის “სიბნეფტი” დაინტერესდა.  საბოლოოდ, ბრძოლაში “სიბნეფტმა” გაიმარჯვა:  ღორის ხორცის მწარმოებელი კომპანია აბრამოვიჩის Millhouse Capital-მა ჩაიგდო ხელში.

‘ახალგაზრდები და აგრესიულები’ – ასე აფასებენ დღეს ომსკელი ბიზნესმენები მაშინდელ “ინკომბანკის” მენეჯმენტის სტრატეგიას ბაზარზე.

“სიტყვა ‘აგრესია”, შეიძლება, დღეს ცუდ კონოტაციას ატარებს, მაგრამ მაშინ ასე არ იყო. მათ არავისზე რეიდი არ მოუწყვიათ, არავის დასხმიან თავს პირდაპირ – უბრალოდ, ბაზარზე შედიოდნენ აგრესიულად”, – ამბობს ვლადიმირ შკურენკო.

შკურენკო ახლა სხვანაირად უყურებს მაშინდელ კონფლიქტს თავის ყოფილ მეგობართან, სიმან პოვარენკინთან.

“ახლა სიმანს, როგორც მასწავლებელს, ისე ვუყურებ.  ჯერ კიდევ მაშინ, ძალიან ახალგაზრდას, ესმოდა, თუ როგორ განვითარდებოდა ეკონომიკა.  შექმნა გუნდი, ყველას მისცა თავისი როლი. ითხოვდა უპირობო ლიდერობას.

ჩვენ მას მერე არ გვილაპარაკია.  მან საკმაოდ მკაცრად მიმანიშნა, რომ პარტნიორობის გაგრძელება არ სურდა და საბოლოოდ დაუსვა წერტილი ჩვენს ურთიერთობას. მაგრამ მას მერე, ოცი წელი გავიდა. ახლა კი, ალბათ, რაღაც საერთოს მაინც გამოვნახავდით”, – დასძენს შკურენკო.

“სიმანთან ერთად, ერთ თეატრალურ წრეში მოვხვდი”, – იხსენებს ირინა სოლოვეიკინა. – “მე 13 წლის ვიყავი, სიმანი – 14-ს. ჯგუფიდან პირველმა ისწავლა გიტარაზე დაკვრა.  მიზნად დაისახა, რომ ერთ თვეში, დაკვრა უნდა ესწავლა და ერთი თვის თავზე, იცოდა კიდეც  – დროში ზუსტად ჩაეტია. “

ამ თეატრალური წრის პრეზიდენტად სიმანი აირჩიეს.  როგორც პრეზიდენტს, ერთი მკაცრი მოვალეობაც ჰქონდა:  დასჯის აღსულება. წრის წევრს, რომელიც დაიგვიანებდა, დასჯის აღმასრულებელს კედებით ან ან სხვა ნებისმიერი ფეხსაცმლით უნდა ეცემა.

“ცემის დროს, ხელი არასოდეს უკანკალებდა” – იხსენებს სოლოვეიკინა.

უნივესრიტეტის დამთავრების შემდეგ, სიმანს არც ამ თეატრალების ჯგუფთან შეუნარჩებუნებია ურთიერთობა.

“ჩვენგან  უკანმოუხედავად და სამუდამოდ წავიდა”, – იხსენებს სოლოვეიკინა.

“სიმანს ყოველთვის გამოკვეთილი მიზნები ჰქონდა”, – ამატებს სოლოვეიკინა. – “დაისახავდა და აღწევდა. ჯერ კიდევ 1980-იან წლების შუა პერიოდში გამოაცხადა:  “მე ევროპაში სასახლე მექნება …”

ეს სურვილი სიმან პოვარენკინმა გამოცხადებიდან დაახლოებით 25 წლის შემდეგ აისრულა – ივ სენ ლორანის შატო ნორმანდიაში.      

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *